ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა 15 რუსი დიპლომატი, რომელთა საქმიანობა „შეუთავსებელი იყო მათ დიპლომატიურ სტატუსთან“.
ოსლოში განაცხადეს, რომ რუსმა დიპლომატებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ნორვეგია.
ნორვეგიის საგარეო უწყების პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ევროპაში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი სიტუაციისა და რუსეთის მხრიდან დაზვერვის გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით“.
როგორც ოსლოში ამბობენ, „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ნორვეგიაში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას“.
ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ დაუშვებენ, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიები გამოყენებული იყოს ფარული სადაზვერვო აქტივობის წარმოებისთვის.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „სათანადო საპასუხო ზომებს“ მიიღებენ.