ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე წელს რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების მე-2 ეტაპი განხორციელდა, რომელმაც ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასევე დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. უახლოეს პერიოდში დასრულდება ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციის პროცესიც. ორმოც მოწამეთა ტაძარი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამიტით დაიხურება, რომლის ავთენტური ფორმის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი 2018 წელს განახლდება და ის ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებას მოიცავს. მოეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირებაც.
პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.
მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი ოთხი წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი, ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, ,,არქეოპოლისს” წარმოადგენდა.
ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.
სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძარი (VI ს.).
ნოქალაქევის სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.