ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება [ფოტო]
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება [ფოტო]

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება.

„განვლილ სამ წელს სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების ეტაპებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა. დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. მუზეუმ-ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები. მოეწყო ავტოსაპარკინგე მეურნეობა“, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. მიმდინარე წლის ბოლომდე მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია აღიჭურვება ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით, რომელიც სამომავლოდ ნოქალაქევის მიმართ ვიზიტორთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„უკვე დასრულებულია ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ფერდობისა და ციტადელის პროექტირების სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება. ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვას სამომავლოდ იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომელთანაც სააგენტოს თანამშრომლობის პროგრამა მიმდინარე წლიდან ამოქმედდა.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი ოთხი წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე გაეცნენ.