Nokia ევროპაში 6G-ზე მომუშავე ჯგუფს უხელმძღვანელებს — #1tvმეცნიერება
Nokia ევროპაში 6G-ზე მომუშავე ჯგუფს უხელმძღვანელებს — #1tvმეცნიერება

კორპორაცია Nokia უხელმძღვანელებს კომპანიებისა და უნივერსიტეტებისგან შემდგარ ჯგუფს, რომლის პროექტს, სახელად Hexa-X ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია ახალი თაობის მობილურ ტექნოლოგიაზე მუშაობის დაწყება, რომელსაც უკვე უწოდეს 6G.

ჯგუფში შედის კომპანია Ericsson AB, მობილური ოპერატორები — Orange SA და Telefonica SA, ტექნოლოგიური კომპანიები — Intel Corp. და Siemens AG. მათ უერთდებიან ფინეთის ქალაქ ოულუს უნივერსიტეტი და იტალიის პიზის უნივერსიტეტი.

მართალია, ჯერ 5G ტექნოლოგიის ფართო მოხმარებაც არ დაწყებულა და მსოფლიო მასშტაბით ამ სერვისს მომხმარებელს შეზღუდულ ზონებში უკვე სთავაზობს ასზე მეტი მობილური ოპერატორი, მსოფლიოს რამდენიმე ადგილას უკვე დაიწყო 6G ტექნოლოგიისთვის მზადება.

Nokia-ს ხელმძღვანელობით ევროპაში დაწყებული Hexa-X პროექტის გარდა, მსგავსი პროექტები დაიწყო აშშ-შიც — Next G Alliance და O-RAN Alliance. 6G-ზე მომუშავე ჯგუფს აფინანსებს ჩინეთის ხელისუფლებაც.

6G ტექნოლოგია 2030-იანი წლებიდან გახდება რეალობა; გამოიყენებს სუპერმაღალ სიხშირეს, ტერაჰერცების დიაპაზონს და უზრუნველყოფს მოწინავე კავშირს, რომელმაც შეიძლება, ტექნოლოგია ადამიანის სხეულთან და თავის ტვინთანაც დააკავშიროს; ასევე მოგვიტანს რეალურ დროში ჰოლოგრაფიულ ვიზუალიზაციას.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.