ნათია თურნავა - აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა მიმართულებით
ნათია თურნავა - აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა მიმართულებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას, – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას.

მინისტრის განცხადებით, ქით ქროქის შეფასება, რომ ახლა ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ უნდა შეიქმნას, ეს ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკისრებათ მთავრობებს, ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და ვთანამშრომლობთ ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), რომელიც განიხილავს, საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს. ამიტომაც ვახდენთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ინტენსიფიკაციას და ამ წინსვლის პერსპექტივები არის ისეთი ნათელი, როგორც არასდროს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქროქიმ განაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის „ბიზნესგეგმა“ უნდა შეიქმნას.