ნოემბერში ერთი დღის განმავლობაში გრიპზე აცრა უფასო იქნება – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება უფასო აცრები.
„20-ში გაიხსნება ტენდერი, რომელი სამედიცინო დაწესებულება უნდა მოემსახუროს ამ ერთდღიან მასშტაბურ აქციას ქვეყანაში, როდესაც ყველასთვის იქნება ის უფასო. კონტრაქტორი გვეყოლება ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. ნოემბერში იქნება ეს დღე. თარიღს მსურველებისთვის რამდენიმე დღით ადრე დავასახელებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის ფასი 30-დან 50 ლარამდეა. იმუნიზაციას სახელმწიფო მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალ პირებს უფინანსებს. ესენი არიან ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, დიაბეტიანი ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.