ნოელ კურანი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის EBU-ს მნიშვნელოვანი წევრი, სრულად ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველო უფრო უახლოვდება ევროკავშირს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო უფრო უახლოვდება ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა განაცხადა.
ნოელ კურანის თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის EBU-ს ძალიან მნიშვნელოვანი წევრი.
„მიმდინარე ახალი ამბების ასამბლეა აერთიანებს დიდი და პატარა ევროპული მაუწყებლების მთავარ რედაქტორებს, რომლებიც შეიკრიბნენ თბილისში, რათა განიხილონ სხვადასხვა საკითხები, როგორებიცაა ომის გაშუქება, ჟურნალისტთა უსაფრთხოება, იმსჯელონ, როგორი იქნება ახალი ამბების ფორმა ციფრული პროგრესის გათვალისწინებით, ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები. ისინი აქ ასევე არიან, რათა განიხილონ მედიის დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედიის საჭიროება, რაც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის EBU-ს ძალიან მნიშვნელოვანი წევრი, თქვენი გენერალური დირექტორი არის ჩვენი გაერთიანების ძალიან გამორჩეული და აქტიურად ჩართული წევრი. ევროპის მაუწყებელთა კავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო უფრო უახლოვდება ევროკავშირს, ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავგზავნოთ გზავნილი, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი, კარგად დაფინანსებული და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედია, ეს ხდება ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი ბრიუსელში, ევროპის ფარგლებში, რომ ქვეყნებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ სრულად მხარდაჭერილი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედია. ვფიქრობ, საქართველოში თქვენ ამის თქმა შეგიძლიათ და ეს უნდა იყოს საამაყო. ჩვენ აქ ვართ, რათა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა ეს გაგრძელდეს“, – განაცხადა კურანმა.