ნოდარ ხარშილაძე - ყველაზე ჭკვიანური იქნება, გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრისას საქართველომ თავი შეიკავოს
სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს გაერო-ში იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრისას.
ხარშილაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ერთადერთი გზაა, რომლითაც საქართველო ორივე მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას შეძლებს.
„ჩვენ, ტრადიციულად, არაბულ ლიგასთან და ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა დალაგებული ბოლო 10 წელი და არაღიარების პოლიტიკის ნაწილი იყო ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებაც იქნება ძალიან სულელური, პირდაპირ ვიტყვი. ძალიან დიდ დახმარებას ვიღებთ აშშ-ისგან და ჩვენთვის იერუსალიმის საკითხი მაინც და მაინც პრინციპული არ არის. ჩემი აზრით, თავი უნდა შევიკავოთ. არც ერთ მხარეს უნდა მივცეთ ხმა და არც მეორეს. ალბათ ყველაზე ჭკვიანური თავის შეკავება იქნება და მგონია ასეც გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ამაში“, – ამბობს პირველ არხთან საუბრისას ნოდარ ხარშილაძე.
სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო თავს შეიკავებს, ქვეყნის პოზიცია არ იქნება აღქმული, როგორც აშშ-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება.
„ეს არის აზრის გაჟღერების ტრამპისებური კულტურა. მას უყვარს არატრადიციული მეთოდებით გზავნილების გაჟღერება. ჩვენ თუ თავს შევიკავებთ, არ ჩაითვლება, რომ მათ წინაღმდეგ წავალთ, ამიტომ ვერანაირ საფრთხეს ამაში ვერ ვხედავ“, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში, რომელსაც კენჭი დღეს გენერალურ ასამბლეაზე უნდა უყარონ, აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს. მანამდე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.
იმ ქვეყნებს, რომლებიც დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებენ, კენჭისყრის წინ დაემუქრა თავად დონალდ ტრამპიც, რომელმაც თანხების დაზოგვაზე ისაუბრა.
„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.