ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილი დაინიშნა. კულტურის სამინისტროს ცნობით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
კულტურის სამინისტრო ულოცავს დიმიტრი ხვთისიაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას.
„შეგახსენებთ, დიმიტრი ხვთისიაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის პირველ იანვარს ამოეწურა. მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ მოცემულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს დიმიტრი ხვთისიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა.
ინფორმაციისთვის, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. ამასთან, სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.