ნიუ იორკში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდება
ნიუ იორკში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

ნიუ იორკში საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საჯარო სკოლებში დასაქმებულმა 148 000-მა ადამიანმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 27 სექტემბრამდე უნდა გაიკეთოს.

საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება ასევე ლოს ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონის შტატში.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი სკოლები მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უსაფრთხოდ იყოს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბილ დე ბლაზიომ.

ნიუ იორკის სკოლებში სასწავლო პროცესი 13 სექტემბერს უნდა განახლდეს. ქვეყნის სხვა ქალაქებში ათასობით მოსწავლე საკლასო ოთახებს 23 აგვისტოს დაუბრუნდა.