ნიუ იორკში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც პროკურატურა მანჰეტენის „ჩაინათაუნის“ უბანში ჩინეთის „საიდუმლო პოლიციის განყოფილების“ მართვაში ადანაშაულებს
ნიუ იორკში ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც პროკურატურა მანჰეტენის „ჩაინათაუნის“ უბანში ჩინეთის „საიდუმლო პოლიციის განყოფილების“ მართვაში ადანაშაულებს. ისინი ბრუკლინის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ორივე მათგანს წაუყენებენ შეთქმულებაში ჩინეთის მთავრობის აგენტებად მოქმედების მიზნით აშშ-ის ხელისუფლების ინფორმირების გარეშე, ასევე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, 61 წლის ლუ ძიანვანი და 59 წლის ჩენ ძინპინი ერთად მუშაობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საზღვარგარეთ განთავსებული პირველი პოლიციის განყოფილების დაარსებაზე, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს სახელით. უწყების ცნობით, „საიდუმლო განყოფილება“ 2022 წლის შემოდგომაზე დაიხურა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეში მონაწილე პირებმა შეიტყვეს „ეფ-ბი-აი“-ს გამოძიების შესახებ.
„ეს სამართლებრივი დევნა აჩვენებს ჩინეთის მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას ნიუ იორკის ცენტრში პოლიციის საიდუმლო განყოფილების შექმნის გზით“, – განაცხადა ბრუკლინის მთავარმა პროკურორმა, ბრეონ პირსმა.
პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩინეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან და 2015 წლიდან აშშ-ში „რეპრესიული საქმიანობით“ იყო დაკავებული, მათ შორის ჩინელი დისიდენტების დევნით.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ნიუ იორკში აღმოჩენილი საიდუმლო განყოფილება ერთ-ერთია 53 ქვეყანაში მოქმედ 100 ასეთ განყოფილებას შორის.
ჩინეთი საზღვარგარეთ საიდუმლო განყოფილების არსებობას უარყოფს და მათ საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის „მომსახურების ცენტრებს“ უწოდებს.
ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს 34 ოფიცერს ბრალი წაუყენეს აშშ-ში მცხოვრები ჩინელი დისიდენტების დევნის მიზნით სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების გამოყენებაში.