ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია გაიხსნა
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია გაიხსნა

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესია გაიხსნა.

როგორც გახსნის ცერემონიაზე ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ფერნანდე ესპინოზამ განაცხადა, სესიის მონაწილეებს წინ დაძაბული სამუშაო ელოდება. წელს სესიის მუშაობას სწორედ ესპინოზა უხელმძღვანელებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის პრიორიტეტებს შორის ეკვადორის მთავარმა დიპლომატმა გაერო-ს რეფორმა, კონფლიქტების პრევენცია, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა და მსოფლიოში უსამართლობის დაძლევა დაასახელა.

მისივე თქმით, გაერო ადამიანებთან უფრო ახლოს უნდა იყოს.

სესიის დღის წესრიგში 175 საკითხია. მათ შორის ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება, განიარაღება, მდგრადი განვითარება, ჰუმანიტარული დახმარება, მართლმსაჯულების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამართლის განვითარება.

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ეს სესიის გახსნის ცერემონიას ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაესწრო. ანტონიუ გუტიერეშიმ სტუმრებს მიმართა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სესიის ფარგლებში გაიმართება პოლიტიკური დებატებიც, რა დროსაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები სიტყვით გამოვლენ. მათ შორის იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც გაერო-ს ტრიბუნიდან სესიის მონაწილეებს 27 სექტემბერს მიმართავს.

მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით დაგეგმილ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება. ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან.