ნიუ იორკში ავტობუსების ტერმინალში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს, 27 წლის ბანგლადეშელ აკაიედ ულას ბრალი ტერორიზმში წაუყენეს. მან მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში „თაიმს სქვერის“ მახლობლად თავის სხეულზე მიმაგრებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, თავად აკაიედ ულა.
როგორც გამოცემა New York Times-ი წერს, ულამ დაკითხვაზე სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მან თავდასხმის მცდელობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტის შთაგონებით განახორციელა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავად თავდამსხმელ ტერორისტულ დაჯგუფებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.
ეს ნიუ იორკში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი თავდასხმა არ არის. ოქტომბერში 29 წლის უზბეკი იმიგრანტი საიფულო საიპოვი მანჰეტენზე ავტოფურგონით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, დაიღუპა რვა და დაშავდა 11 ადამიანი.