ნიუ იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდგინეს. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდათ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
ორი ინფიცირებული კატა შტატის სხვადასხვა ნაწილშია რეგისტრირებული. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, კატებს კორონავირუსი სავარაუდოდ პატრონებისგან ან მათი მეზობლებისგან გადაედოთ.
ცხოველებს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. მედიკოსების შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ისინი გამოჯანმრთელდებიან.
კატების ინფიცირების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, აშშ-ში ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ცხოველების ინფიცირება კორონავირუსით შესაძლებელია, თუმცა მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი შინაური ცხოველებისგან შეიძლება ადამიანს გადაეცეს.
„ბიოლოგიურად ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ შინაური ცხოველები დაავადების ოჯახში გადამტანები იყვნენ“, – განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ.
ამასთან, „სიენენის“ ცნობით, კორონავირუსი დაუდგინეს კიდევ ოთხ ვეფხვსა და სამ ლომს ნიუ-ირკის ბრონქსის ზოოპარკში. მანამდე „კოვიდ-19“ აღნიშნულ ზოოპარკში ვეფხვს დაუდასტურდა. ბრონქსის ზოოპარკი 16 მარტის შემდეგ დაკეტილია.