ნიუ იორკის გუბერნატორის ყოფილი თანაშემწე ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგენტობაშია ბრალდებული
ნიუ იორკის გუბერნატორის ყოფილი თანაშემწე ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგენტობაშია ბრალდებული

ნიუ იორკის გუბერნატორის, კეტლინ ჰოკულისა და ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ყოფილ თანაშემწეს, ლინდა სანს და მის მეუღლეს ბრალი ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს.

„ბიბისი“ წერს, რომ წყვილს ბრალად ედება უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტებად რეგისტრაციის გარეშე მოქმედება.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის კანონი მოითხოვს, რომ პირები, რომლებიც უცხო ქვეყნების ან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ან ინტერესებისთვის მოქმედებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოელი აგენტები.

ლინდა სანს და მის მეუღლეს ასევე ბრალად ედებათ შეთქმულება აშშ-ის ხელისუფლების მოტყუების მიზნით, ელექტრონული თაღლითობა, ფულის გათეთრება, ცრუ ჩვენების მიცემა და საიმიგრაციო თაღლითობა.

ლინდა სანი ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 3 სექტემბერს დააკავა. მისი მეუღლე კრის ჰუც, ასევე, დაკავებულია.

ბრალდების მიხედვით, სანმა, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა ტაივანის მთავრობის წარმომადგენლებს გუბერნატორის ოფისში შესვლაში. იგი ასევე მუშაობდა რამდენიმე პოლიტიკოსის საჯარო განცხადებების შედგენაზე, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.

საიმიგრაციო თაღლითობის ბრალდება დაკავშირებულია ნიუ იორკის შტატის სახელით გაგზავნილ არაავტორიზებულ წერილებთან, რომლებშიც ისინი ჩინეთის მთავრობის თანამდებობის პირებს შეერთებულ შტატებში იწვევდნენ.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ, ჯაშუშობის სანაცვლოდ, სანმა და მისმა მეუღლემ მიიღეს ჩინეთში ბიზნესშესაძლებლობები, სამოგზაურო შეღავათები, ძვირადღირებული საჩუქრები და დაასაქმეს ნათესავები. სხვა ბრალდებებთან ერთად, მათ 2016 წლის იანვრიდან ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ჯაშუშობაში ბრალდებული წყვილი ლონგ აილენდის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სახლში დააკავეს. სახლი, სავარაუდოდ, ჩინეთის კომუნისტური პარტიისაგან მიღებული ფულით არის შეძენილი.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ წყვილი ფლობს 2024 წლის Ferrari-ს და სარგებლობს პირადი მზარეულის მომსახურებით, რომელიც მათთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამდებობის პირმა დაიქირავა.

სამართალდამცავებმა ლინდა სანის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომელიც 3,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. წყვილმა აღნიშნული უძრავი ქონება 2021 წელს შეიძინა.

ლინდა სანი ნიუ იორკის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილედ 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ოფისშიც მუშაობდა. კეტლინ ჰოკულის ოფისმა განაცხადა, რომ სანი 2023 წელს გაათავისუფლეს.

„ეს პირი ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიქირავეს. ჩვენ ის 2023 წლის მარტში გავათავისუფლეთ არასათანადო ქცევის მტკიცებულებების აღმოჩენის შემდეგ და დაუყოვნებლივ შევატყობინეთ მისი ქმედებების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორის პრესმდივანმა.

ჯაშუშობაში ბრალდებული წყვილი დანაშაულს არ აღიარებს.

მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. კერძოდ, მათ ეკრძალებათ, ქალაქ ნიუ იორკის, ლონგ აილენდის, მაინის და ნიუ ჰემპშირის გარდა, აშშ-ის სხვა ტერიტორიაზე გადაადგილება და ასევე, ჩინეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან ნებისმიერი კონტაქტი ეზღუდებათ.