ნიუ იორკის გუბერნატორი - რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზება მომავალ წელს ჩემი ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო პრიორიტეტი იქნება
ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის ლეგალიზება მომავალ წელს მისი ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო პრიორიტეტი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ასეთ შემთხვევაში ნიუ იორკი აშშ-ის მე-11 შტატი გახდება, სადაც რეკრეაციული მარიხუანა ლეგალიზებული იქნება. გუბერნატორის ოფისისთვის მომზადებული ანგარიშის თანახმად, მარიხუანის ლეგალიზება შტატს ყოველწლიურად 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს მოუტანს.
2019 წლის გეგმებზე საუბრისას ენდრიუ კუომომ აღნიშნა, რომ მარიხუანის ლეგალიზება სასამართლო სისტემას უფრო სამართლიანს გახდის.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ არასაჭირო და უსამართლო სისხლის სამართლის სასჯელი. მოდით, ერთხელ და ყველასთვის ზრდასრულებში რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა ენდრიუ კუმომ.
რეკრეაციული მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების საკითხს განიხილავს ნიუ იორკის მეზობელი შტატი ნიუ ჯერსის მთავრობაც. ნიუ ჯერსიში აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას გუბერნატორი ფილ მერფი უჭერს მხარს.