დონალდ ტრამპი - ნიუ იორკის გუბერნატორს ყველაფერი შევუსრულე და ახლა დამოუკიდებლობა სურს
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკის გუბერნატორს ყველაფერი შევუსრულე და ახლა დამოუკიდებლობა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო „ტვიტერის“ საშუალებით გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა გუბერნატორზე განაცხადა, რომ მას „დამოუკიდებლობა სურს, რაც არ მოხდება“.

„ნიუ იორკის გუბერნატორი კუომო ყოველდღე რეკავდა და დახმარებას ყველაფერში იხვეწებოდა, იმაშიც კი, რაზეც რეალურად შტატის ადგილობრივი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მაგალითად, ითხოვდა ახალი ჰოსპიტალების გახსნას, საწოლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატებს. მე ყველაფერი შევუსრულე მას და ყველა დანარჩენსაც. ახლა კი, როგორც ჩანს, მას დამოუკიდებლობა სურს! ეს არ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიუ იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ტრამპი მეფე არ არის“.

გუბერნატორის გაღიზიანება პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია, როდესაც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, გააჩნია თუ არა პრეზიდენტს გუბერნატორების მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების უფლებამოსილება, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს და ეს გუბერნატორებმაც იციან“.

ენდრიუ კუომოს თქმით, მსგავსი შეზღუდვების გაუქმება გუბერნატორების პრეროგატივაა და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მას შტატის გახსნას უბრძანებს და ამ დროს კი, საზოგადოების ჯანმრთელობა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ იქნება, ის ამ ბრძანებას არ შეასრულებს.

„ეს იქნება ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ახლა გააკეთოს, მოიქცეს დიქტატორივით, მიკერძოებულად. ჩვენ არ გვყავს მეფე ტრამპი. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი ტრამპი. ასე რომ პრეზიდენტი არც უნდა ფიქრობდეს ამაზე. ეს იქნება იმ ყველაფრის საწინააღმდეგო, რის მიღწევასაც თანამშრომლობით ვცდილობთ“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.