„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია
უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში აშშ-ისა და ნატო-ს საიდუმლო გეგმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტები ავთენტურად გამოიყურება და შესაძლოა, რუსეთს ღირებული ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც გამოცემა განმარტავს, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს – როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას, თუმცა ისინი შეიცავს მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესახებ პირველი მარტის მდგომარეობით.
დოკუმენტებში აღნიშნულია, მაგალითად, „ჰაიმარსის“ მიერ საბრძოლო მასალის მოხმარების დონე. როგორც გამოცემა წერს, პენტაგონს არასოდეს გამოუქვეყნებია ეს მონაცემები საჯაროდ, მაგრამ ისინი დოკუმენტებშია. ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომში 16-17.5 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, უკრაინამ კი, სავარაუდოდ, 71.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
„დოკუმენტი შეიცავს მოკლე ინფორმაციას 12 საბრძოლო ბრიგადის შესახებ, რომლებიც ამჟამად იქმნება, რომელთაგან ცხრა, როგორც ჩანს, აშშ-ისა და ნატო-ს მიერ არის გაწვრთნილი. ამ ცხრა ბრიგადიდან, ექვსი 31 მარტისთვის იქნება მზად, დანარჩენი კი 30 აპრილისთვის. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინულ ბრიგადას 4-5 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. აღჭურვილობის საერთო რაოდენობა, რომელიც საჭიროა ცხრა ბრიგადის აღჭურვისა და შეტევისთვის, 250-ზე მეტი ტანკი და 350-ზე მეტი მექანიზებული მანქანაა“, – აღნიშნულია სტატიაში.