„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ
რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის მთავრობაში მედიასაშუალების წყაროების ცნობით, რუსეთის სამხედრო მეთაურები აწარმოებდნენ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეუძლია რუსეთს უკრაინაში ტაქტიკური იარაღის გამოყენება.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ დისკუსიებში არ მონაწილეობდა, თუმცა თავად ფაქტმა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა სამხედრო მაღალჩინოსნების მიერ, აშფოთებს თეთრ სახლს, რადგან ეს აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან რუსი გენერლები უკრაინაში მათი არმიის წარუმატებლობის გამო.
რუსი სამხედრო მეთაურების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხის განხილვის ინფორმაცია ამერიკულმა დაზვერვამ აშშ-ის ხელისუფლებას ოქტომბრის შუა რიცხვებში მიაწოდა. ამასთან, ამერიკული სპეცსამსახურების განცხადებით, არ უნახავთ მტკიცებულებები, რომ რუსები ბირთვული იარაღის გადატანას ახორციელებენ ან დარტყმისთვის მოსამზადებლად სხვა ტაქტიკურ ზომებს მიმართავენ.