„ნიუ იორკ თაიმსი“ - ქალაქ ჰასაქიში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა მიერ ციხეზე თავდასხმის შედეგად საპატიმროდან 200-მდე ჯიჰადისტი გაიქცა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ქალაქ ჰასაქიში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა მიერ ციხეზე თავდასხმის შედეგად საპატიმროდან 200-მდე ჯიჰადისტი გაიქცა

სირიის ქალაქ ჰასაქიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა მიერ ციხეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საპატიმროდან 200-მდე ჯიჰადისტი გაიქცა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, ოპერაციის შესაძლო მიზანი იყო მაღალი და საშუალო რანგის ლიდერების, ასევე სპეციალური უნარების მქონე მებრძოლების გათავისუფლება.

როგორც მედია წერს, „სირიის დემოკრატიული ძალების“ ქურთულ დაჯგუფებაში გაქცეული ტერორისტების რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ თავდასხმის შედეგებს ჯერ კიდევ აფასებენ.

მედიის ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა ციხეზე თავდასხმა 20 იანვარს დაიწყეს, დაპირისპირების შედეგად 175 რადიკალი ისლამისტი მოკლეს, ათასამდე მებრძოლი კი ქურთულმა დაჯგუფებამ ციხეში დააბრუნა.