„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის ძალების მომზადებას მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენმა ჯერ კიდევ მარტში დაამტკიცა საიდუმლო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის ბირთვული შეკავების სტრატეგია პირველადაა ორიენტირებული ჩინეთზე და მოიცავს აშშ-ის სამხედროების მომზადებას „შესაძლო კოორდინირებული ბირთვული შეტაკებებისთვის“, რომლებშიც რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა ერთ ფრონტად იქნებიან წარმოდგენილები.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენების სტრატეგის განახლება დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. დოკუმენტის განახლებული ვერსია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების რამდენიმე თანამშრომელსა და პენტაგონის ხელმძღვანელობას უკვე გადაუგზავნეს. სტრატეგიის განახლების შესახებ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ინფორმირებული იქნება კონგრესიც. დოკუმენტში გაანალიზებულია ის, თუ როგორაა მომზადებული აშშ ბირთვული კრიზისებისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ წლებში იმის ალბათობა, რომ მოსკოვი, პეკინი და ფხენიანი ბირთვული მოქმედებების კოორდინაციას მოახდენენ, რათა ამერიკულ ბირთვულ არსენალზე უპირატესობა მოიპოვონ, ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. თუმცა რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თეირანის მიერ მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემის ფონზე აშშ-ში ამ პროგნოზს გადახედეს.

„ჩვენ გვაქვს საქმე რუსეთთან, რომელიც რადიკალიზებულია და კონვენციურ კონფლიქტში ბირთვული შეიარაღების გამოყენების დაუშვებლობის იდეა მეტად აღარ წარმოადგენს საფუძვლიან არგუმენტს“, – ამბობს „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში ყოფილი დიპლომატი რიჩარდ ჰაასი.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ნიუ იორკ თაიმსის“ პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაცია ბირთვული შეკავების სტრატეგიის კონკრეტულ ქვეყანასა ან სახელმწიფოთა ჯგუფზე გადამისამართებასთან დაკავშირებით უარყვეს.