„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჩინელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის ტელეფონებზე, სავარაუდოდ, წვდომა მოიპოვეს
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჩინელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის ტელეფონებზე, სავარაუდოდ, წვდომა მოიპოვეს

ჩინელმა ჰაკერებმა, სავარაუდოდ, წვდომა მოიპოვეს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ოჰაიოს შტატის სენატორის, ჯეი დი ვენსის ტელეფონებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2024 წლის დასაწყისში აშშ-ს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ამერიკულ სატელეკომუნიკაციო სისტემებში ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფის კვალი, რომელსაც დასავლელმა კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა Salt Typhoon-ი უწოდეს.

NYT-ის წყაროების თქმით, მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჩინელ ჰაკერებს კონკრეტული სატელეფონო ნომრები აინტერესებდათ.

სტატიის თანახმად, მიმდინარე კვირაში ტრამპის საარჩევნო შტაბს აცნობეს, რომ ის და ვენსი იყვნენ იმ ადამიანთა შორის, რომელთა სატელეფონო ნომრებიც ჰაკერული თავდასხმების სამიზნე გახდა. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ის გამომძიებლები უკვე ადგენენ, რა მონაცემების მოპოვება შეძლეს ჰაკერებმა. ამჟამად გამოძიება საწყის ეტაპზეა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჰაკერებთან დაკავშირებული თავდასხმას შეიძლება ჰქონდეს შორს მიმავალი შედეგები ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა, სტივენ ჩუნგმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა, იყო თუ არა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ახლო მოკავშირის ტელეფონები ჰაკერული თავდასხმების სამიზნე, სამაგიეროდ, მან თეთრი სახლი დაადანაშაულა, რომ მათ უცხო სახელმწიფოს ასეთი ქმედებების განხორციელების საშუალება მისცეს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ აპრილში აშშ-ში განაცხადეს, რომ შენიშნეს ჩინეთის მცდელობები, გავლენა მოეხდინათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.