„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას, რასაც მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო და რომ ოპერაციის შემსრულებელი ოპერატიული მუშაკები მიიჩნევდნენ, რომ ის მანქანაში თავის შვილთან, დარია დუგინასთან ერთად იქნებოდა.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, წყაროს არ გაუსაჯაროვებია, „უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია, ვინ განახორციელა თავდასხმა და იყო თუ არა მისიის შესრულების ნებართვა გაცემული პრეზიდენტ ზელენსკის მიერ“.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ „ისინი ოპერაციის მზადების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან, და რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად გადააფიქრებინებდნენ უკრაინას ამის გაკეთებას“.
„ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა აჩვენეს რუსეთში შეღწევის უნარი დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად, თუმცა ქალბატონ დუგინას მკვლელობა იქნებოდა ამ დროისთვის ყველაზე თამამი ოპერაცია, რაც აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია, ძალიან მიუახლოვდეს ცნობილ რუსებს“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დუგინი, რომელიც მოუწოდებდა მოსკოვს უკრაინასთან ომის გააქტიურებისკენ, აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის მოწინავე მხარდამჭერი იყო.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი უარყოფს უკრაინის ჩართულობას დუგინას მკვლელობაში.
„ომის დროს ნებისმიერ მკვლელობას ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს რამე პრაქტიკული მნიშვნელობა. ის უნდა ემსახურებოდეს რამე ტაქტიკურ ან სტრატეგიულ მიზანს. დუგინას მსგავსი პირი არ წარმოადგენს უკრაინისთვის ტაქტიკურ ან სტრატეგიულ სამიზნეს. ჩვენ გვაქვს სხვა სამიზნეები უკრაინის ტერიტორიაზე. ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს და რუსეთის სამხედრო მეთაურობის წარმომადგენლებს, რომლებიც შესაძლოა, ღირებული იყვნენ ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, თუმცა ნამდვილად არა დუგინა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა რუსეთში, ავტომობილში 20 აგვისტოს ააფეთქეს.