ნინო ზაუტაშვილი - ძალაშია მოთხოვნა, პარლამენტმა გაიწვიოს ნამდვილად არაკვალიფიციური სამეურვეო საბჭო
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს იგეგმება შეხვედრა პროფკავშირების წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.
როგორც ნინო ზაუტაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების კუთვნილება და იქ მიმდინარე მოვლენები საყურადღებოა.
„მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მივადევნოთ თვალი ყურადღებით საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან რაც უფრო წინ მივდივართ, გაცილებით უფრო მძაფრდება სიტუაცია. ამ მოცემულ ეტაპზე გენერალურმა დირექტორმა აიღო სასწრაფო შვებულება და გავიდა შვებულებაში, არადა მისი დასწრება, მისი ყოფნა, თუნდაც დღეს 14:00 საათზე მნიშვნელოვანი იყო. დღეს მე მასთან უნდა მქონოდა შეხვედრა, სამწუხაროდ ეს შეხვედრა ვერ შედგა ასეთი გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა პროფკავშირის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, ვისაც აწუხებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი და მივიღებთ აუცილებლად სამოქმედო გეგმას, დავსახავთ გეგმას როგორ, რა გზით წავალთ, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს გადაწყვეტილება მინდა იყოს შეჯერებული ისეთ ადამიანებთან ერთად, ვისაც აქვს მაღალი კვალიფიკაცია მართვის დარგში, მედიასთან ურთიერთობის დარგში და იმედია, რომ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებით, დავასრულებთ ამ ამბავს”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის მოთხოვნას, ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა ძალაშია, რადგან ისინი ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას.
„დღეს გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ორად ორი წევრი ესწრებოდა. სამეურვეო საბჭოს თავისი დაკისრებული მოვალეობა კანონით აქვს გაწერილი, თუმცა ვერ ასრულებს. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. თქვენ შეგიძლიათ ეს დღესვე გადაამოწმოთ, რადგან სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომას დღეს ესწრება ორად ორი წევრი. ამ ორად ორი ადამიანის პოზიცია ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო, თუმცა მათ გავლენის მოხდენა ვერანაირად ვერ შეძლეს საბჭოს დანარჩენ წევრებზე. შესაბამისად, პარლამენტთან ძალაშია მოთხოვნა, გაიწვიოს ეს ნამდვილად არაკვალიფიციური სამეურვეო საბჭო”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.