ნინო წილოსანი - სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა
ნინო წილოსანი - სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა

სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

ნინო წილოსანის თქმით, მმართველი გუნდი სასამართლოში კანონს იურიდიული, სამართლებრივი დადასტურებით დაიცავს.

„თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ჰქონდა. მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი, იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის. ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი, მისი ხელმძღვანელობით, საკონსტიტუციო სასამართლოს რომ მიმართავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ სალომე ზურაბიშვილის იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს. ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში. ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული, სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც კანონი მივიღეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.