ნინო წილოსანი - კვლევის შედეგად, ბავშვებში ტყვიის შემცველობის მატება გამოვლინდა, რაც საყურადღებოა
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდოამრე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ კვლევის შედეგად, ბავშვებში გამოვლინდა ტყვიის შემცველობის მატება, რაც საყურადღებოა.
ნინო წილოსანი გარემოს ტყვიით დაბინძურების თაობაზე ანგარიშს კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს.
წილოსანი განმარტავს, რომ ორგანიზმში ტყვია გარემოდან ხვდება, რაც არის – წყალი, ჰაერი და ნიადაგი.
„სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიტეტს მოგვეკვლია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო პოტენციური წყაროები ადამიანისა, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის. პროცესი ძალიან გამჭვირვალე იყო და ფართოდ ჩართულობითი. მასში მონაწილეობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ დაინტრესებულმა პირმა მიიღო. მნიშვნელოვანი მიგნებები გამოიკვეთა“, – განაცხადა წილოსანმა.
ანგარიშიდან გამომდინარე, კომიტეტი უწყებებისთვის რეკომენდაციების მიცემას გეგმავს.
„ვფიქრობთ და მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ექვსი თვის მანძილზე, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ტყვიის ტოქსიკური კონტროლის შესახებ, რომელიც მოიცავს ყველა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობას. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაცია მიეცა, რომ ექვსი თვის მანძილზე იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით ამოვიდა ტყვიის შემცველობის მატება ბავშვებში, გააკეთოს პილოტურად პროგრამა, რომელიც გამოიკვლევს რომელი ფაქტორიდან გამომდინარეა ბავშვებში ტყვიის მოცულობის მატება. ასევე მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ის სამუშაოები, რომელიც სურსათის სააგენტოს აქვს დაწყებული, მათ შორის, სუნელების და სანელებლების შემოწმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვადა აქვს გასული. მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ გაუგრძელოს ვადა. ჩვენი რეკომენდაციაა, სურსათის ეროვნული სააგენტო შინამეურნეობებში შევიდეს იმ შემთხვევაში, თუ მატება არის ტყვიის შემცველობის და გამოიკვლიოს, თუ რა შეიძლება იყოს მატების ფაქტორი. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ სათამაშოების უსაფრთხოების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოკვეთონ, თუ რომელი ნივთები შეიძლება იყოს წყარო ტყვიის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის. შესაბამისად, გააკეთონ ძალიან მკაცრი კონტროლი იმ მწარმოებლების თუ უცხოური შემომტანი კომპანიების, ვისგანაც შეიძლება ეს საფრთხე მოდიოდეს“, – განაცხადა წილოსანმა.