ნინო წილოსანი - ანატოლი ბიბილოვის განცხადება სრული უპასუხისმგებლობაა
ნინო წილოსანი - ანატოლი ბიბილოვის განცხადება სრული უპასუხისმგებლობაა

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მოთხოვნას, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღების თაობაზე, უპასუხისმგებლობად აფასებს. როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას მსგავსი არაჰუმანური აქტებით ვერ შეაფერხებენ.

„ანატოლი ბიბილოვის განცხადება სრული უპასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ მოსახლეობას მსგავსი რეაქცია ჰქონდა. იმედია, მისი განცხადება განცხადებად დარჩება და მას მსვლელობა არ მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მშვიდობიან მექანიზმს გამოვიყენებთ, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებასა და პროცესში მათ ჩართვას მოვახდენთ“, – განაცხადა წილოსანმა.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოითხოვა. მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევში, ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადავა. ე.წ. პრეზიდენტის მოსაზრებით, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მის განცხადებას მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა და მათ კულტურის სახლში მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პასპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.