ნინო წილოსანი - ახლა ალბათ ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ არ იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ადგილის დაკავება სურდა
ნინო წილოსანი - ახლა ალბათ ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ არ იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ადგილის დაკავება სურდა

ნეოსააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების და ცრუ ევროპულობის მესიჯებით მოგვევლინა, თანაც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, ასე დავახასიათებდი ომის ქარტიას, რომელმაც გააერთიანა „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური „ნაცებით“ და რამაც ოფიციალურად დაასრულა რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები, რადგან რევოლუცია არ გამოვიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ახლა ალბათ ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია“.

„მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქალბატონო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა? ამისთვის ახეთქეთ ახალგაზრდები პარლამენტის კედლებს? ამისთვის აძლევდით ინტერვიუს ინტერვიუზე? ამისთვის აგზავნინეთ მუქარა მუქარაზე, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, არჩევნები ერთადერთი სწორი დემოკრატიული პროცესიაო, იგივე გეთქვათ დღეს ამ ხალხისთვის? საზოგადოებას კი, მინდა, ვუთხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გპირდებით და გეუბნებით ხოლმე, ყველაფერი სხვა დანარჩენი კი მატყუარა პოლიტიკოსებისა და ქვეყნის მტრების უნიჭო ოინებია. ახლა კი რას გვეუბნება ნეოსააკაშვილის, იმავე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ომის ქარტია, რომ ექნებათ: ერთობა ერთიანობის გარეშე; ევროპული მიზნები გამჭვირვალობის გარეშე; არჩევნებში გამარჯვება გამარჯვების გარეშე – რადგან გაუგებარია ამ გეგმით როგორ იმარჯვებენ, არცერთ კვლევაში 30%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს ჯამურად გაერთიანებულ ნაცკასტას – ექნებათ ამომრჩევლის ნდობა ნდობის გარეშე; ამ აქციებზე რაც ჩაატარეთ, ეს ადამიანები როგორ უნდა გენდოთ, რთული წარმოსადგენია. დებენ პირობას – ყოველგვარი გარანტიის გარეშე; რადგან ის, რაც ილაპარაკა ნეოსააკაშვილმა მხოლოდ ღამით ნანახი სიზმარი შეიძლება იყოს, სამართლებრივი საფუძველი კი ამის გარანტირებისთვის ნამდვილად არ არსებობს. გპირდებიან, რომ შექმნიან პოლიტიკას პოლიტიკოსების გარეშე – სახალისოა, არა? რომ ექნებათ დემოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიის გარეშე, რადგან საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ერთპიროვნული ნეოსააკაშვილური მმართველობა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ვნებების დაკმაყოფილებას ემსახურება და ამასთან მართვის ეს მოდელი ჩვენი საკონსტიტუციო წყობისგან ძალიან შორის არის.

წილოსანის განცხადებით, „სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა“.

„მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას აანონსებს და ნდობას უწუნებს ის, ვისაც თავად არ ჰქონია ნდობა საკუთარი არჩევის მომენტშიც კი, და თუ ვინმეს ნდობის აღდგენა სჭირდება, ეს ერთადერთი თქვენ ხართ, რადგან ამ მომენტში ტაშის მკვრელად მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით გაცხოველებული კასტა გყავთ, ვისაც სჭირდებით და, აბა, თქვენ იცით, როგორ გაუმტყუნებთ იმედებს. ათას ერთი რეფორმის დაანონსების პარალელურად, ერთი პროფესიონალი და ობიექტური იურისტი მაინც რომ დაგეყენებინათ მრჩევლად, თქვენი საპარლამენტო მდივნის მსგავსად, ყველა კითხვაზე პასუხი „იმიტომ“ არ გექნებოდათ. სიტყვების ბრახუნი სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარეა, ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, თუმცა როცა გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, ეს გაცილებით ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობაზე გვაფიქრებს. გასაოგნებელია იდეა, ვის ნაცვლად, რას რომ უნდა მივცეთ ხმა, რადგან თითოეული მათგანის სახით ოპოზიციურმა სპექტრმა დაკარგა მოქალაქეების ყველანაირი ნდობა და ახლა ისინი რაღაცაზე მიწებებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის იმედად რჩებიან. სხვანაირების გაერთიანება იქნებაო, ნეოსააკაშვილმა, და გეთანხმებით, ნამდვილად სხვანაირები ხართ, უსახო და უსულოდ ქცეული მარიონეტები. როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, კოლაფსი უალტერნატივოდ გარანტირებულია, ეს აჩვენა ბოლო კვირებმა. დაბოლოს, ომის ქარტია და ომის პარტია რა მოსატანია, ჩვენი ქვეყნის მტრები არაერთხელ და არაერთგზის დაგვიმარცხებია. სანერვიულოს კი რაც შეეხება, ახლა ალბათ ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ უბრალოდ მისი ადგილის დაკავება გსურდათ. გილოცავთ გზას და მორალს აცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილობას“, – განაცხადა წილოსანმა.