ნინო ქადაგიძე - ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას
ნინო ქადაგიძე - ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას

ქართული მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიძეს მართლმსაჯულების მიმართულებით სტანდარტებზე დაუსვეს კითხვა, რამდენად შეესაბამება ის მეგობარ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს.

„ქართული მართლმსაჯულების მიმართულებით დიდი რაოდენობის ბულინგი მოემართება. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ქართული მართლმსაჯულება, ქართული სასამართლო სისტემა ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ მათგანს, მაგრამ გარწმუნებთ, ქართული მართლმსაჯულება, შესაბამისობის სტანდარტებით, ბევრად აღემატება ნებისმიერ ქვეყანას“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა.

„სასურველია ყოველთვის უკეთესი, მაგრამ, ნებისმიერი მონაცემებით, კვლევით, მათ შორის დამოუკიდებელი კვლევებით, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ქართული მართლმსაჯულება ძალიან ბევრ ინსტიტუციას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას ბევრად უსწრებს რეიტინგით. სასამართლოს ნდობა აქვს, რასაც ადასტურებს საქმეთა ნაკადი, მოსახლეობის, მხარეების განწყობა. ჩვენ 2018 წლიდან შიდა კვლევებს ვაწარმოებთ სასამართლოში და საკმაოდ მაღალი რეიტინგი გვაქვს, თუმცა არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეულით“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, ამ ფონზე, როგორ შეაფასებდა იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირდა, ქადაგიძემ აღნიშნა:

„სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოში ძირითადი გამოწვევაა საქმეთა რაოდენობა, მზარდი ნაკადი და მოსამართლეთა სიმცირე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა დაძლეული იქნება. ძალიან რთულია სასამართლოში შემოსვლა, რადგან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება ჩატარდა ღიად, საჯაროდ და თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სისტემაში არ იქნა დაშვებული, თქვენი, ასევე საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს. ყველა კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება ჩატარდა და ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა, დაშვებული, მიღებული იქნა“, – განაცხადა ნინო ქარდავამ.

ნინო ქადაგიძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ასი პროცენტით მართალია, თუმცა დასანქცირებაზე აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აღარ აპირებს, რადგან არ აქვს საშუალება, ადვოკატს ასიათასობით თანხა გადაუხადოს.

„ამ თემაზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. მან თავად გააკეთა შესაბამისი განცხადება. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ამერიკაში ადვოკატის მომსახურება საკმაოდ ძვირია. ყველა საქმემ, რომლის გარშემოც იყო ატეხილი აჟიოტაჟი და რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების, ქართველი მოსამართლეების დემონიზება, გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი. ევროსასამართლოში ყველა ეს საქმე საქართველოს სასარგებლოდ დამთავრდა, ამიტომ, როცა სასამართლო სისტემა, მათ შორის მეც, რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, ამის შემდეგ იქნება პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ასი პროცენტით მართალი ქართველი მოსამართლე. ბოდიშს ველოდები ნებისმიერი პირისგან, ვისგანაც ეს დემონიზება წამოვიდა. ბუნებრივია, სახელმწიფო დეპარტამენტი ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ველოდებით შესაბამისს მტკიცებულებებს. თუ მიიჩნევენ, რომ ინფორმაცია შესაბამისს საფუძვლებს ემყარება, მაშინ მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღთქმებსა და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება, ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულები გახდება საფუძველი არათუ მოსამართლის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობისა“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.