ნინო ქადაგიძე - მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს გადის თითოეული მათგანის ღირსებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი
ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე ტენდენციები განვითარდა სასამართლოსთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაქტობრივად, საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია ხდება სასამართლოს წინააღმდეგ, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია და ეს გადის თითოეული, ინდივიდუალური მოსამართლის ღირსებაზე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ მოსამართლეთა შეხვედრაზე განაცხადა.
ქადაგიძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს.
„მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს გადავცეთ დამოუკიდებელი სასამართლო. მართლმსაჯულება, რომელშიც ხელის ცეცების უფლება უკვე არავის ექნება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ყველა პირობას, რომელსაც მე დავდებ ერის, საზოგადოების წინაშე, დავიცავ. სასამართლო ამ შეთანხმების მონაწილე არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკოსებს, დაველოდეთ ცვლილებებს და არც ერთი საკითხი არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა საკანონმდებლო მექანიზმი, რაიმე ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა. თითო მოსამართლეს ოთხასი-ხუთასი საქმე აწერია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? მოსამართლემ შეიძლება, იფიქროს პრაქტიკის დანერგვაზე როდესაც ხუთასი საქმე აწერია?
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე მაინტერესებდა ჩვენი კოლეგების აზრი. თუ რომელიმე კოლეგას ექნება რაიმე განსხვავებული მოსაზრება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ მოვისმინო. ჩვენდა საბედნიეროდ, ასეთი მოსაზრებები არ არის. თუ მოსამართლეს ეშინია, საჯაროდ გამოვიდეს და თუნდაც თავისი მოსაზრებები წარმოადგინოს, მაშინ ის არ არის ღირსი მოსამართლეობის, არ შეიძლება შენ გეშინოდეს საზოგადოების, ხმამაღლა ვერ ამბობდე და რაღაცას ეფარებოდე. თუ ასეთი მოსაზრება არის. უნდა თქვა ღიად და საჯაროდ“, – განაცხადა ქადაგიძემ.