ნინო ლომჯარია - ჩემი ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა სააკაშვილთან დაკავშირებით მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად
ნინო ლომჯარია - ჩემი ვარაუდით, ხელისუფლებამ იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა სააკაშვილთან დაკავშირებით მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად

მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ 19 ნოემბერს იუსტიცის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ჩანს, მხარეს,  ამ შემთხვევაში სააკაშვილის ადვოკატებს, წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან იცოდნენ, რომ სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარია ამბობს, უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„არ დარჩენილა არც ევროპაში და არც აშშ-ში არც ერთი ინსტიტუტი, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროკავშირში, აშშ-ში არ დარჩენილა არც ერთი თანამდებობა, ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე და ეხება საქართველოს რამენაირად, რომ საჯარო მხარდაჭერა არ გამოეხატა სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ და არ დაეგმო ის თავდასხმები, მუქარები, რაც მოდიოდა ბატონი კობახიძის და მისი თანაპარტიელების მხრიდან. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ალბათ სჯობს, ჩვენი ენერგია დავხარჯოთ უფრო გრძელვადიანი მოგვარების საკითხებზე, რადგან ერთჯერადი, ან თუნდაც მოკლევადიანი რაღაც პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს. უმნიშვნელოვანესია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ, პირველმა სამმა განხილვამ ვერ დაადასტურა და პირიქით, დარღვეული იქნა მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. ამიტომ რა თქმა უნდა, მაქვს კითხვები, რამდენად იქნება მისთვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუმცა, კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს ახლა პასუხები, უნდა მოხდეს თუ არა მისი დროებით გათავისუფლება. ამას აქვს თავისი საფუძვლები, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ, რაზეც უფრო ზუსტ პასუხებს გეტყვით მას შემდეგ, რაც შევაფასებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ნამდვილად არ მაქვს ახლა ხელთ რეცეპტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. არ გვიფიქრია, არ განგვიხილავს ეს საკითხი, მათ შორის უცხოელი მოსამართლეების ჩართვა როგორ შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ველოდები ხარვეზებს ამ მიმართულებით. იმედია, ეს ჩემი უარყოფითი მოლოდინები არ გამართლდება. თუმცა პროცესს დავაკვირდებით. წინ კიდევ არის არაერთი სასამართლო პროცესი, დავაკვირდებით და გვექნება ჩვენი პოზიციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი შეფასებები ეყრდნობა პირველი სამი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მისასალმებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ამ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კრიტიკულ დროს მაინც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. როგორც იცით, ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. პატიმრის უფლებების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული შენიშვნები უკვე გავეცით. გვითხრეს, რომ გამოსწორდებოდა. დღეს მოვედით იმისთვის, რომ ვნახოთ, შესრულდა თუ არა ეს დაპირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიყო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით. აღნიშნული წერილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.