სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიყო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით
სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიყო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრით დათარიღებულ წერილს, რომელშიც მიხეილ სააკშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლოს დროებით ღონისძიებებზეა საუბარი.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს ახსენებს, რომ სასამართლომ უკვე გამოიყენა ამ საქმეში სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი და განსაზღვრა შესაბამისი დროებითი ღონისძიებები ორივე მხარესთან მიმართებით. ძალაში რჩება სასამართლოს 2021 წლის, 10 ნოემბრის მითითების შესაბამისად, ა) აპლიკანტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და ბ) მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო დახმარებას, რომელიც იქნება აპლიკანტის ამჟამად შეცვლილი სამედიცინო მდგომარეობის შესაბამისი და რომელიც გაითვალისწინებს 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასებას. როგორც სტრასბურგის სასამართლოს წერილშია აღნიშნული, ორივე მხარემ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ ეს ორი ცალკე დროებითი ღონისძიება უპირობოა. ამასტან, აღნიშნულია, რომ სასამართლო შეისწავლის მითითებულ დროებით ღონისძიებებს, როგორც კი 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს მოპასუხე მთავრობისგან.

სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 18 და 19 ნოემბერს მიმართეს წერილებით, რომლებშიც ითხოვდნენ აპლიკანტის დაუყოვნებლივ გადაყვანას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.