ნინო ლომჯარია - ვიცი, რომ ზაზა სარალიძე პრემიერთან შეხვედრაზე მოდის, რა ფორმით მოხდება შეხვედრა, მონაწილეების გადასაწყვეტია
ნინო ლომჯარია - ვიცი, რომ ზაზა სარალიძე პრემიერთან შეხვედრაზე მოდის, რა ფორმით მოხდება შეხვედრა, მონაწილეების გადასაწყვეტია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა.

„მე მოვედი იმიტომ, რომ მოვისმინე საჯარო შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან და შესაბამისად, მზად ვარ, ამ შეხვედრის ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია დავით სარალიძესთან, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა.

„ვერიდები ყოველთვის მათი პოზიციების ჩემი მხრიდან გაჟღერებას, მე არ ვარ არც მათი ადვოკატი, არც მათი წარმომადგნელი, მე ვცდილობ მათი ინტერსების დაცვას ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წინაშე გამოძიების პროცესში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, ვისთან ერთად მივა ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციაში, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.

„მე ვიცი, რომ მოდიან, მაგრამ რა ფორმით მოხდება შეხვედრა, ეს არის სხვა საკითხი და ეს არის უშუალოდ მონაწილეების გადასაწყვეტი, მე ნებისმიერ ფორმატზე ვარ მზად“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს და შეხვედრა იყოს საქმიანი და ორიენტირებული გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე, იმ წუხილებზე და კითხვებზე, რაც აქვს ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს შეხვედრა გაიმართოს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძე აპირებს შეხვედრაზე მოსვლას, მაგრამ როგორი ფორმატი იქნება, ეს არის პოლიტიკოსებისა და მხარეების გადასაწყვეტი.

კითხვაზე, დადუნაშვილების ოჯახი თუ აპირებს შეხვედრაზე მოსვლას, სახალხო დამცველმა აღნიშნა: „მათი წარმომადგენლები აპირებენ მოსვლას“.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.

როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.