ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, კომისიის ფორმატში მკვლელობაში რეალურად მონაწილე პირების დადგენა გართულდება
ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, კომისიის ფორმატში მკვლელობაში რეალურად მონაწილე პირების დადგენა გართულდება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თანამდებობრივი სიმაღლის მიუხედავად, ყველა პირის პასუხისმგებლობის საქმე უნდა დადგეს, ვინც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში გარკვეული ინტერესების გატარებას ხელს აფარებდა.

როგორც ჟურნალისტებს ლომჯარიამ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომიდან ახალი არაფერი გაუგია იქედან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძესთან საუბარი არაერთხელ ჰქონდა და საქმის მასალებსაც იცნობს.

„ალბათ, ყველაზე საინტერესო მოწმეთა დაკითხვა იქნება, რადგან გამოძიების მასალებიდანაც ჩანს, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები დაკითხული არ არის მთელ რიგ გარემოებებზე, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, ის კითხვები არ გვქონოდა, რაც გამოძიების მიმართ გვაქვს. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იმ მოწმეთა დაკითხვა იქნება, რომელიც მონაწილეობას უშუალოდ ინციდენტში იღებდა. მნიშვნელოვანი იქნება, კითხვები დაისვას, მოწმეები რამდენად გულწრფელად საუბრობენ, რადგან სასამართლო პროცესზე შთაბეჭდილება ჩნდება, რომ მოწმეებს ხელს ბრალდების მხარეც უწყობს, რომ ისეთი პასუხები მიიღოს, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება სასურველი იყოს“,  –  აღნიშნავს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები ის ადამიანები არიან, ვისაც საქმესთან უშუალო შემხებლობა ჰქონდა.

„ის გამომძიებლები, პროკურორები თუ ექსპერტები არიან, ვინც ამ საქმის გამოძიებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. თანამდებობრივი სიმაღლის მიუხედავად, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საქმე უნდა დადგეს, ვინც შეიძლება იცოდა, ან ამ საქმეში გარკვეული ინტერესების გატარებას ხელს აფარებდა. თუ ასეთი რამ გამოიკვეთება, სახალხო დამცველი უკან არ დაიხევს. იმედია, რომ კომისიის ფორმატშიც მსჯელობა მოხდება. არ ვიცი, კომისიის ფორმატში რამდენად დავადგენთ მკვლელობაში რეალურად მონაწილე პირებს. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, გართულდება, რადგან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ნაწილი ამოღებული არ არის და მხოლოდ ჩვენებებით რამდენად შეიქმნება რეალური სურათის დადგენა, რთული სათქმელია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რატომ არ განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, რაც გასაკეთებელი იყო; ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს, ასევე ვინ იცოდა და ვინ იღებდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა  მიმდინარეობს, რომელზეც მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე იკითხება.