ნინო ლომჯარია - შსს-ში განგვიცხადეს, რომ გამოძიებაში პროგრესი აქვთ, ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას
შსს-ში განგვიცხადეს, რომ გამოძიებაში პროგრესი აქვთ ორი მიმართულებით, ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ისინი გარკვეულ ახალ გარემოებებზე საუბრობენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ნინო ლომჯარია შს მინისტრსა და ლევან დადუნაშვილის მამას შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო.
სახალხო დამცველის თქმით, საგამოძიებო უწყებამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე ყველა არასრულწლოვნის დაკითხვა თავიდან დაიწყო.
„ისინი გარკვეულ ახალ გარემოებებზე საუბრობენ. ასევე მათ განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც აღნიშნულ კონფლიქტში მონაწილეობა მიიღო. იმედი აქვთ, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი გამოძიების მასალებში არსებულ ყველა ინფორმაციას გადმოგცემენ, რათა მოგვეცეს საშუალება, გავეცნოთ და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, შსს-ში განუცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ დამატებით გარემოებებზე ისაუბრა.
„მასალებზე ჩვენ წვდომა არ გვქონია, თუმცა საუბარია საქმეში კიდევ სხვა ადამიანების მონაწილეობაზე და მას შემდეგ, რაც სასამართლოს სხდომაზე უკვე ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა გარკვეული გარემოებების შესახებ, ამის შემდეგ დადგა დამატებითი გამოძიების საჭიროება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საკითხები, რომლებიც ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს აწუხებთ, ყველა შეხვედრაზე დააყენოს.
როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით შსს-ს დღესაც მიმართავს.
„ამ შეხვედრებში ჩემი მონაწილეობის მიზანი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებამდე მაქსიმალურად მივიტანო ის კითხვის ნიშნები და საეჭვო გარემოებები, რაზეც დაზარალებული მხარეები საუბრობენ, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა, უწყებაში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრო.