ნინო ლომჯარია - შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება
დღეს შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.
ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ არავინ გაცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და სამართალდარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება. დღეს შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება.
მნიშვნელოვანი იყო შსს-ს დღევანდელი განცხადება, რომ მისი პოლიტიკა იქნება მკაცრი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ. შსს-მ ასევე აქცენტი გააკეთა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არავინ ემუქრება მათ, რომ არ მისცემენ მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობას, დაარბევენ ან ჩაუშლიან დემონსტრაციას. პირიქით, ისინი ემუქრებიან სხვებს.
იმედს გამოვთქვამ, არავინ გაცდება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.
ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.
ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.