შსს - მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
შსს - მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტები დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.

ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს დაუყოვნებლივ აღკვეთს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.