ნინო ლომჯარია - შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებებისგან მიიღეს დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად. ლომჯარიამ დღეს განაცხადა, რომ გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისის შენობის ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა და დახმარება ითხოვა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას ვინც გამოგვეხმაურა და შემოგვთავაზა სამუშაო სივრცის გამოყოფა. დიდი მადლობა მედიას, ყველა ჟურნალისტს, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა. თქვენი მხარდაჭერა მეიმედება და მახარებს. ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად, რაც საშუალებას მოგვცემს აპარატი სრული შემადგენლობით გადავიდეთ ერთიან შენობაში.
პარალელურ რეჟიმში განიხილება ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაცია, სადაც საექსპერტო დასკვნის შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები და იმედს გამოვთქვამ, რომ გონივრულ ვადაში დადებითად გადაწყდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი.
მინდა, პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს ვინც მყისიერად გამოგვეხმაურა და დახმარება შემოგვთავაზა; მადლობა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), გურია ნიუსს, ბიოლის ფონდს, თანასწორობის მოძრაობას, sakdoc film-ს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ევრო რეგიონალურ უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ილიას უნივერსიტეტს, დემირელის კოლეჯს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. ბოდიშს გიხდით თუ ვინმე გამომრჩა, ბევრნი ხართ და საუკეთესოები“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“.