ნინო ლომჯარია - სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თავის ანგარიშში სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში ჩარევის პრობლემასაც ეხება და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება აქვს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის იმ ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამუშაო ადგილებზე ვიდეოთვალთვალს შეეხება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა სახალხო დამცველმაც შეისწავლა.
„ერთ-ერთი შემთხვევა სახალხო დამცველის მიერ იქნა შესწავლილი და დადგინდა დისკრიმინაცია სწორედ იმ ნიშნით, რომ დასაქმებულების პირად ცხოვრებაში ხდებოდა ჩარევა სათვალთვალო კამერების მეშვეობით ისეთ ადგილას, სადაც ეს დაუშვებელია. სახალხო დამცველის გადაწყვეტილება გაასაჩივრა კომპანიამ და მიმდინარეობს დავა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს არის პრობლემა და კარგია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი აღნიშნულ პრობლემას ეხება და შესაბამისი რეაგირება აქვს.
ამასთან, მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატში სხვა მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
„ჩვენამდე არ მოსულა სხვა დამატებითი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პრობლემა არსებობს. თუ ჩვენამდე მოაღწევს მსგავსი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსპექტორთან წარდგენილი შეტყობინებების თანახმად, ერთ-ერთი კომპანია დასაქმებული პირების ჩაცმულობის, საქმიანი სტილის მონიტორინგს ახორციელებდა ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით. ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრატორს დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურიც გამოეცხადა, ვინაიდან მას სამსახურის სპეციალური ფორმა არ ეცვა. ასევე, ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების შემოწმებისას, აღმოჩნდა, რომ ვიდეოთვალთვალი და აუდიოკონტროლი მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო ოთახში. გამოვლინდა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა ხელმძღვანელი პირების უმრავლესობას. ამასთან, ანგარიშში მოყვანილია ერთ-ერთი კომპანიის აფთიაქში დასაქმებულთა მონიტორინგისთვის აუდიო-ვიდეოკონტროლის გამოყენებისა და მიზნის არაპროპორციული მონაცემების დამუშავების ფაქტი.