ნინო ლომჯარია - სამედიცინო დასკვნა ამყარებს საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო
სამედიცინო დასკვნა კიდევ ერთხელ ამყარებს საფუძველს, რომ არჩილ ტატუნაშვილი დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება სამწუხარო ყოველდღიურობაა.
„ხდება არასათანადო მოპყრობა, წამება, მოქალაქეების გარდაცვალება. ტატუნაშვილის შემთხვევა და ახლახან გამოქვეყნებული დასკვნაც იმის საფუძველს კიდევ ერთხელ ამყარებს. ამჯერად, ექსპერტულად, რომ ის იყო ნამდვილად არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როგორც ოკუპირებული ტერიტორიაზე ასევე გამყოფ ხაზს მიღმა და იმ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებები ძალიან უხეშად ირღვევა ყოველდღიურად. ირღვევა მათი ხელშეუხებლობის უფლება, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გადაადგილების და უსაფრთხოების უფლებები უხეში ფორმებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, როდესაც ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდება, საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა მიაღწიოს მართლმსაჯულებას აღნიშნულ დანაშაულზე.
პირველი არხისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნის შედეგი გახდა ცნობილი. ტატუნაშვილის ცხედარზე სამხარაულის ბიუროს სამედიცინო დასკვნაში 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.