ნინო ლომჯარია - პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ
პრემიერ-მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ნინო ლომჯარია დამატებით განმარტებას სახალხო დამცველის აპარატის ოფისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე აკეთებს.
„მსურს დამატებითი განმარტებები გავაკეთო ჩვენი ოფისის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით: პრემიერ- მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ. სამწუხაროდ, ჯერ კვლავ ვერ მოიძებნა ისეთი ნაგებობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი გრძელვადიანად, ქირის გარეშე შეძლებს გადასვლას. ჩვენ ვიყავით და ვართ თანახმა ნებისმიერ ფართზე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც დააკმაყოფილებდა აპარატის ნორმალური ფუნქციონირების საჭიროებებს“, – წერს ლომჯარია.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი შენობა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, ძლიერ დაზიანებული და ავარიული აღმოჩნდა, რაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა.
შესაბამისად, ძიების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვართ პარასკევის მოლოდინში. იმედია, ორშაბათიდან თუნდაც ნაწილობრივ შევძლებთ საქმისწარმოების აღდგენას, უახლოეს კვირებში კი, შეუფერხებლად შევძლებთ მოქალაქეთა მომსახურებას“, – ამბობს ნინო ლომჯარია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აპარატის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის.