ნინო ლომჯარია - პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელი, ამორალურია, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ვსაუბრობთ
წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მმართველი პარტია ცდილობს, რომ ნებისმირი განცხადება თუ კრიტიკა დააკავშიროს კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებთან. ვფიქრობ, არჩევნების გადადება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება არა წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკაზე კონცენტრირდეს, არამედ კონცენტრირდეს კოვიდის მართვაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელია.
„მგონია, რომ თავადაც არ სჯერათ იმ განცხადებების, რასაც ამბობენ. კითხვას დავუსვამდი, რა შუაშია ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“, საერთოდ რა შუაშია რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მისი ინტერესები, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე, როდესაც ვიცით, რომ თუ არჩევნებს არ ჩავატარებთ, დიდი ალბათობით, უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ძალიან მცირე რამ გავაკეთო იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება სრულიად წარმოუდგენელია, ამორალურია ამაზე საუბარი, როდესაც სიკვდილ-სიცოცხლეზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.
„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თავის მხრივ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება ისმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, სამწუხაროა, რომ არჩევნების გადადების კამპანიაში მოხვდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა, დავაბრალო, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარე სპიკერი და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი აღმოჩნდა, მაგრამ სულ მცირე, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როცა სახალხო დამცველის მხრიდან მოწოდება გვესმის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება შეუძლებელია. არჩევნების გადადება არაფერს ცვლის, უბრალოდ, ისინი ელოდებიან რაღაცას, რაც გამოიწვევს ქაოსს, არეულობას. ვინაიდან, ამას მოკლე დროში ვერ ახერხებენ, ამისთვის სჭირდებათ დრო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.