ნინო ლომჯარია - პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების ნებისმიერ შემთხვევას ძალიან სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება უნდა მოჰყვეს
ნინო ლომჯარია - პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების ნებისმიერ შემთხვევას ძალიან სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება უნდა მოჰყვეს

ფაქტია, რომ საქართველოში პირადი ცხოვრებით შანტაჟი სისტემური პრობლემა გახდა და პერიოდულად, იგი გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკურად თუ სხვა მხრივ აქტიურად პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის დანაშაული მიმართულია ქალი საჯარო პირების მიმართ და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ეს დანაშაული წარმოადგენს ამ ადამიანების ფსიქოლოგიურ ტერორს და ალბათ, მიმართულია საზოგადოების დაშინებისკენ. ვფიქრობ, აღნიშნულ დანაშაულს ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოტივი აქვს, მიზანმიმართულია, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს უარყოფითი რეაქციები და დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ.  რამდენიმე რამ უნდა გამოიკვეთოს ამ საკითხთან მიმართებით, პირველ რიგში, როგორია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2016 წელს ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ჩატარებული გამოძიება ეფექტიანი არ იყო.

„დღემდე არ ვიცით, საზოგადოებას არ ჰყავს იდენტიფიცირებული პირები, რომელთაც შექმნეს ვიდეომასალები და გაავრცელეს. ასევე ვფიქრობ, პერიოდულად მათ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ვინ იქნა მიცემული პასუხისგებაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი და განცდა არსებობს.

„თუ გაავრცელებენ ვინმეს პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, სამწუხაროდ, ამ შემთხვევებს არ მოჰყვება ეფექტიანი რეაგირება. ნებისმიერ მსგავს შემთხვევას უნდა მოჰყვეს ძალიან სწრაფი,  ეფექტიანი გამოძიება და რაც მთავარია, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა გააკეთეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, რამდენი პირი მისცეს პასუხისგებაში და თუ ვინმე არ არის მიცემული პასუხისგებაში, რა კეთდება მათი იდენტიფიცირებისთვის“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველი საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს, რადგან მისი თქმით, სწორედ საზოგადოებრივი რეაქციით საზრდოობს მსგავსი ტიპის დანაშაული.

„ყველა მოქალაქემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პოლიტიკოსმა,  საზოგადოების წევრებმა ცალსახად უნდა გამოიჩინონ მხარდაჭერა ადამიანთა მიმართ, ვისკენაც მიმართულია ეს დანაშაული. ყველამ უნდა დავგმოთ, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რამდენად მისაღებია ესა თუ ის პირი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას უფრო ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები, მათ შორის სწრაფი ინფორმირების თუ მსგავსი ინფორმაციები გავრცელდება, ასევე დაბლოკვისა და შეზღუდვის მექანიზმი.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, სახალხო დამცველის თქმით, ამის თქმა ძალიან რთულია და  ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„რთულია თქმა, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, თუმცა ალბათ, ინფორმაციის გავრცელების წყაროს დადგენა შესაძლებელია. ალბათ რამდენიმე ეჭვი თავად ეკა ბესელიამაც გამოხატა. ვფიქრობ, აუცილებელია, ვერსიის გადამოწმება. ვიცით, რომ ეს მასალა არსებობდა მართლაც სამართალდამცველი ორგანოების ხელში. უნდა მოხდეს გამოძიება, ხომ არ მოხდა ამ მასალის გაჟონვა იქიდან, სადაც ინახებოდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ეს ერთ-ერთი ვერსიაა და აუცილებელია, რომ აღნიშნული მიმართულება გამოძიებით გამოირიცხოს.

„ფაქტია, რომ სხვადასხვა დროს აქტიური ადამიანების, პოლიტიკოსების მიმართ გამოიყენება პირადი ცხოვრებით შანტაჟი,  მათი დისკრედიტაციისა და საზოგადოების თვალში მათი მარგინალიზებისთვის“, – განუცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს.