ნინო ლომჯარია პარტიებს მიმართავს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს დაძაბულობა თავიდან იყოს არიდებული
ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს დაპირისპირების ძალიან მაღალი რისკი. მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლომჯარიას თქმით, ის თვალს ადევნებს წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენებს და აქტიური კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„ჩემთვის საყურადღებო იყო ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. განსაკუთრებით, როდესაც ზუგდიდში ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლს ფაქტს. ველოდები, რომ შსს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებით დაიწყებს გამოძიებას და არა მხოლოდ ცემის მიმართულებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიმართავს პარტიებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
„ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების. მე მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს. მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს თავიდან იყოს არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს იქნება თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ასევე უნდა იმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თითოეული ძალადობის ფაქტზე მოახდინოს რეაგირება. უპირველესად კი, მოახდინოს მათი პრევენცია და შემდეგ ეფექტიანი პასუხისმგებლობის ზომები გაატაროს.