სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მისი მიღება უკვე მოხდა პირველი მოსმენით. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადება მოითხოვა. ასევე საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე, არ მოხდებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას.
„სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად.
2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე.
მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობა.