საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფება.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, ეს სახალხო დამცველის პირველი ვიზიტია ნინოწმინდის პანსიონში.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგი დაგვიანებულია, თუმცა ახლა უნდა შეფასდეს ბავშვების საჭიროებები.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი რეკომენდაციაა, ალტერნატიულ ზრუნვაში ყველა ბავშვის გადაყვანა.
„მაქვს მოლოდინი, რომ სრულყოფილად გავეცნოთ პროცესებს და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას. ჩამოვედი აპარატის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, რომლებიც ბავშვთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ. გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგი იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი, გაგვესაუბრონ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებას. პირველ რიგში, ვაპირებთ პანსიონის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას. ვაპირებთ, ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასების კუთხით, ვნახავთ, რას აკეთებენ აქ სოციალური მუშაკები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას. მონიტორინგი დაგვიანებულია. აქ ახლა იმყოფება 15 აღსაზრდელი. ვიცი, რომ იგეგმება რამდენიმე აღსაზრდელის ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება. მართალია, პანსიონი დატოვა აღმზრდელების ნაწილმა, რომლებზეც სავარაუდო ძალადობის ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ თავის ნებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები გადაყვანილი იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში, ვინაიდან ვფიქრობ, მათ მიმართ მაინც მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ზეწოლა იმ აღმზრდელებს პირობებში, რომლებთანაც ეს ბავშვები წლებია, ცხოვრობდნენ და მათ არ უნდათ, რომ დატოვონ ეს კედლები. მაქვს მოლოდინი, რომ თავისუფლად არ ისაუბრებენ. თუმცა თუ საჭიროება იქნება, ხელმეორედაც გავესაუბრებით. ვიცით, რომ პანსიონი არის დახურვის რეჟიმში. ჩემი რეკომენდაციაა, ყველა ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში გადაყვანა. შეიძლება, ახლა ბევრი შენიშვნა გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში ბავშვებზეა საზრუნავი. დღევანდელი ვიზიტი დაგვანახებს შემდგომ საჭიროებებს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, პანსიონში იმყოფება საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა.
„მიმდინარეობს პროცესი. როდესაც შევალთ და გავერკვევით, კომენტარს გააკეთებს მეუფე. კანონს პატივს ვცემთ და კანონი აღსრულდება“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც, ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, რომ კონსტრუქციული საუბარი გაიმართა და პანსიონში ერთობლივად ჩასვლა იგეგმებოდა.
ნინოწმინდის პანსიონიდან ფოტო სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.