ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთონ საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები
ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთონ საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები

იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მცდელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში ხდება უპრეცედენტო რამ ომბუდსმენის ოფისის არსებობის 25 წლის ისტორიაში, როდესაც იუსტიციის მინისტრის და მას დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულების მხრიდან ხდება სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტები.

„ეს გამოიხატება როგორც უკანონოდ შენახული ვიდეო-მასალის გასაჯაროებით, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან პატიმრებთან კონფიდენციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით, ჩემი ნებართვის გარეშე. იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იუსტიციის მინისტრი, საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი მიზნებიდან გამომდინარე, დანაშაულებრივ ქმედებებში რთავს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც, იყენებს პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულ მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა. აღნიშნული ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა, შესაძლოა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, გააკეთონ სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები.

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გააკეთონ საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადებები. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში, რომ მომავალში ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის უკანონო ქმედებებს, ან პროვოკაციებს. მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა. მივმართავ საქართვლოს პროკურატურას, დაიწყონ დაუყოვნებლივ გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის და ზემოქმედების ფაქტზე. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები. იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებზე, მათი ოჯახის წევრებზე, იფიქროს, რა შედეგი მოჰყვება მის ამგვარ უკანონო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში, რა შედეგი ექნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია გუშნ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი, შეხვედრაზე უარი განაცხადა.