ნინო ლომჯარია - რატომ და როდის შევხვდები პატიმარს, ამას ვწყვეტ მე და ვერ ვხვდები, ახსნა-განმარტება რა საჭიროა
ნინო ლომჯარია - რატომ და როდის შევხვდები პატიმარს, ამას ვწყვეტ მე და ვერ ვხვდები, ახსნა-განმარტება რა საჭიროა

სახალხო დამცველმა, ნონო ლომჯარიამ N9 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას არ უსაუბრია, კონკრეტულად ვის და რატომ შეხვდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და მათგან ამ შეხვედრის საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. იგი არ ადასტურებს ვანო მერაბიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ბაჩო ახალაიასთან შეხვედრას.

„საიდან გაიგეთ ინფორმაცია, როდის მოვედი. ძალიან უცნაურია, რადგან ეს ინფორმაცია ფაქტია, გავიდა აქედან. მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის, ვიტყოდი. როგორც ჩანს, სახალხო დამცველის ვიზიტები კონფიდენციალურად არ ინახება ვიღაც-ვიღაცების მხრიდან. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მე რომ მქონოდა სურვილი ვის ვხვდები და რატომ, ვიტყოდი. რატომ და როდის შევხვდები პატიმარს, ამას ვწყვეტ მე და ვერ ვხვდები, ეს ახსნა-განმარტება, რა საჭიროა. სხვა პატიმრებს ჰქონდათ სურვილი, რომ მოვსულიყავი და შევხვედროდი. სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალურობა და მათ არ უთქვამთ, რომ ეს შეხვედრა გამესაჯაროებია. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არაფერი კონსპირაციული არ ყოფილა. იყო სურვილი, რომ კონკრეტულ დღეს მოვსულიყავი და მოვედი“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

ვანო მერაბიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ბაჩო ახალაისთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვას ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„არ მაქვს მათგან თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბრო, ამიტომ ვიკავებ თავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.