ნინო ლომჯარია - მოვითხოვთ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლას
მოვითხოვთ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისის აქციას ეხება და რომელზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული გამოძიების პროცესში.
„გამომდინარე იქედან, რომ სახალხო დამცველი ჩართულია გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციით და ვეცნობით ყველა მასალას, დაკითხვის ოქმებს და ა.შ. რა თქმა უნდა, გავაკეთებ კომენტარებს მას შემდეგ, რაც უკვე პირველადი შეფასებები გვექნება გამოძიების მიმდინარეობის. ის ვიდეოკადრი, რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მოვითხოვთ, ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში და დადგინდეს, რა კონტექსტში და როდის ჰქონდა ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი. ვფიქრობ, რომ ეს ალბათ იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება. დაახლოებით მომდევნო კვირაში ვგეგმავთ, შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, რამდენად იკვლევს პროკურატურა ყველა იმ მტკიცებულებას ან გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში. ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი, რომ ეს მასალაც დაემატოს გამოძიების პროცესს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
„რუსთავი 2“-მა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დაახლოებით 10-წუთიანი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, რასაც გამოძიება ედავება.