ნიკა მელია - ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის არანაირი აუცილებლობა არ იყო
ნიკა მელია - ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის არანაირი აუცილებლობა არ იყო

ხელისუფლებას მივმართავ, ეს არ იყო თავდასხმა სპეცრაზმზე, ეს იყო შეტაკება ანზორ ჩუბინიძის რაზმთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მან ისაუბრა გუშინ საღამოს მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან არის გადაღებული.

მისივე თქმით, გავრცელებული ვიდეოკადრები იძლევა შესაძლებლობას, „საბოლოოდ დამტკიცდეს რეალობა და „ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ ექნება ამიერიდან შესაძლებლობა, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული“.

ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის არანაირი აუცილებლობა არ იყო.

„გუშინ საღამოს ალბათ უკვე ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ახალი ვიდეომასალა. 21 დღის შემდეგ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა. დაადასტურა, რომ ღამის საათებში, 11:30 პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის მეც, ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგნელებს, რომ საბოლოოდ დაეშვათ რაღაც საშვი და შევსულიყავი შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად. როცა აბსოლუტური სიმშვიდე იყო, პოლიციის კორდონთანაც კი არ იყო არანაირი შეხლა-შემოხლა, ამ დროს დაიწყეს უმოწყალო დარბევა, რომელიც გაგრძელდა საათების განმავლობაში 06:00 საათამდე. ფაქტია, რომ მშვიდობიანი პროტესტის, პატრიოტი ადამიანების, გავრილოვის ქვეყნისგან გამძევებლების, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ უმოწყალო მეთოდებით, რომელიც ვიხილეთ. ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს დარბევა, როცა იყო აბსოლუტური სიმშვიდე იყო. მადლობა ღმერთს, ეს კადრები მოვიპოვეთ. 40-წუთიანი უწყვეტი ვიდეომასალა იძლევა შესაძლებლობას, რეალობა საბოლოოდ დამტკიცდეს და „ოცნების“ არც ერთ გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ ექნება ამიერიდან შესაძლებლობა, ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული. მე არავისთვის ნიშნის მოგებას არ ვაპირებ, არც მათ შორის იმ 93 დეპუტატის მიმართ არ მაქვს არანაირი ნიშნის მოგების სურვილი. მათ მივმართავ, რომ თქვენ ხართ საპარლამენტო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები და თქვენ ნიკა მელიას კი არ გაუკეთეთ ეს სამაჯური და არაფრის გამო კი არ დააკავეთ ის ოთხი ადამიანი, ეს არ იყო თავდასხმა სპეცრაზმზე, ეს იყო შეტაკება ანზორ ჩუბინიძის რაზმთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ მასალის შემდეგ ისევ გაიმეორონ, რომ არსებობდა თვალების დათხრისა და ადამიანებზე დევნის გამოცხადების აუცილებლობა. იმედი მაქვს, ამ საქმეზე დადგება განაჩენი, თუმცა ამ საქმის განაჩენის სუბიექტები იქნებიან არა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„რუსთავი 2“-მა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე დაახლოებით 10-წუთიანი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, რასაც გამოძიება ედავება.

ვიდეოკადრები საკუთარ ფეისბუქგვერდზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამაც გაავრცელა: „ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით. პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ“, – წერს ნიკა მელია.